ანანური, ფეოდალური ხანის (XVI-XVII სს.) ციხესიმაგრეა. იგი ჩრდილოეთიდან დარიალის ხეობით მომავალ გზას კეტავდა და არაგვის ერისთავთა რეზიდენცია იყო.
ანანურის ანსამბლში თავმოყრილია საერო, სამხედრო და საკულტო ნაგებობანი. ანსამბლი შედგება ციტადელისა და ქვედა ციხისაგან. თავდაპირველად აქ მდგარა ამჟამად ციტადელის ცენტრში მოქცეული ხუთსართულიანი კოშკი (XIV-XV სს.). ციტადელის აღმოსავლეთით დგას მცირე ზომის ერთნავიანი ეკლესია (XVI-XVII სს.), რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებნი "მკურნალს" ეძახიან. დაახლოებით XVII საუკუნის შუა ხანას ეკუთვნის მცირე გუმბათიანი ტაძარი (ღვთაება).
XVII საუკუნის I ნახევარში აშენდა ზედა ციხე, რომლის გალავნის კედლებში ჩატანებულია 4 მრგვალი კოშკი. ანანურის ანსამბლის უმთავრესი აქრიტექტურული ნაგებობაა დიდი გუმბათიანი ტაძარი. სამხრეთ კედლის წარწერიდან ჩანს, რომ ტაძარი 1689 წელში, არაგვის ერისთავის მდივანბეგ ბარძიმის ბრძანებით, სარქარ ქაიხოსრო ბაღსარაშვილს აუგია. XVII საუკუნეში აგებული დიდი ეკლესიის აღმოსავლეთით აღმართული სამრეკლოც. ანანურის ქვედა ციხე XVIII საუკუნის დასაწყისშია აგებული.
გერგეტის სამება სტეფანწმინდის რაიონში, ზღვის დონიდან 1800 მ-ზე მდებარეობს. ტაძარი ლანდშაფტთან შერწყმითა და მიმზიდველი კომპოზიციით საქართველოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების გამორჩეული ნიმუშია. კომპლექსის ეკლესია და სამრეკლო იმგვარადაა განლაგებული მაღალი მთის წვერზე, რომ თერგის ხეობიდან შთამბეჭდავად იკითხება მყინვარწვერის ფონზე მკვეთრად გამოკვეთილი ტაძრის სილუეტები, რომლისთვის თვალის მოწყვეტა თითქმის შეუძლებელია. ამიტომაც, ადრიდანვე, ხევის უმთავრეს სალოცავს, რომელიც ხშირად მთის თეთრ ღრუბლებსაა შეფარებული, თავისი მშვენიერების გამო „ხევის პატარძალს“ უწოდებენ. გერგეტი იმითაცაა გამორჩეული, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ერთადერთი გუბმათოვანი ტაძარია.
სნოს ციხეს ქართულ სიმაგრეთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მას აქვს ფორტიფიკაციული ნაგებობისათვის დამახასიათებელი ყველა ელემენტი და ამავე დროს მხატვრულად შესანიშნავადაა გადაწყვეტილი.
სნოს ციხე არ არის დიდი, მაგრამ იგი ძნელად მისადგომია. შედგება თითქმის წრიული გალავნისა და ერთი კოშკისაგან. თვით გალავანი მრავალი თავდაცვითი ელემენტისაგან შედგება. ციხის ერთადერთი შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა.