2 დღიანი ტური ხევსურეთში
1 დღე - გასვლა თბილისიდან 8:00
ჟინვალის წყალსაცავი - კორშის ეთნოგრაფიული მუზეუმი - დათვისჯვრის უღელტეხილი - ლებაისკარი - კისტანი - შატილი
2 დღე - შატილიდან გასვლა 8:30 - ანატორის აკლდამები - მუცო - (თუ ადრე გავალთ და ფეხით სიარულის სურვილი გექნებათ შეიძლება მუცოდან არდოტში გასეირნება, დაახლოებით 10 კმ ორივე გზა) - თბილისი
ღირებულება - 80 ლარი (კარავში ღამისთევის შემთხვევაში), 110 ლარი (სასტუმროში ღამისთევის შემთხვევაში)
ღირებულებაში შედის: მგზავრობა, ღამისთევა შატილის კოშკში ან კარავში, გიდის მომსახურება, კვება
კვება: მინერალური წყალი, კოკა-კოლა, ხაჭაპური, კარტოფილის ღვეზელი, მწვადი, შემწვარი ქათამი, ძეხვი, კიტრი, პომიდორი, სოსისი, ჩაი, ყავა, ნუტელა.
***
ხევსურეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში,კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად ჰყოფს — პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთად. პირიქითა ხევსურეთი შედგება სამი ხეობისაგან: მიღმახევის, შატილის და არხოტის, პირაქეთა ხევსურეთი — არაგვის ხეობისაგან.
ხევსურეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთი და ინგუშეთი, აღმოსავლეთით — თუშეთი, დასავლეთით — ხევი დაგუდამაყარი, სამხრეთით — ფშავი. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ხევსურეთის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის რაიონში და ოთხ თემადაა გაყოფილი: ბარისახოს, გუდანის , შატილის და არხოტის.
სახელწოდება „ხევსურეთი“ შერქმეული აქვს მხარის მთიანი, ხევებიანი ადგილმდებარეობის გამო. ამ სახელწოდებით წყაროებში XV საუკუნიდან იხსენიება. ხევსურეთის ადრინდელი სახელწოდებაა ფხოვი (ასე ეწოდებოდა მას ფშავთან ერთად), ხოლო ხევსურებისა და ფშავებისა — ფხოველები. პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთი უკავშირდებიან არხოტისა და დათვისჯვარის უღელტეხილებით. საუკუნეების განმავლობაში ხევსურეთი პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტატუსით სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. სამეფო ხელისუფლების დასუსტების პერიოდში არაგვის ერისთავები, რომელთაც მთიანეთის საერთო გამგებლობა ევალებოდათ, ცდილობდნენ ხევსურეთზე საბოლოო გაბატონებას. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ხევსურეთის მნიშვნელობა გაიზარდა, იგი ბარს იცავდა მომხვდური მოთარეშე რაზმების დარბევისაგან. ხევსურები ქმედითად მონაწილეობდნენ ასპინძის ბრძოლაში (1770), კრწანისის ბრძოლაში (1795), მთიულეთის აჯანყებისა (1804) და კახეთის აჯანყების 1812 დროს აქტიურად იბრძოდნენ ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ. XIX საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო ხევსურების სხვა რეგიონებში გადასახლება. XX საუკუნის 50-იან წლებში ხევსურეთის მოსახლეობის ნაწილის ბარად ჩამოსახლებას ნეგატიური სოციალური და ეკონომიკური შედეგი მოჰყვა. 80-იან წლებში დაიწყო ხევსურეთის მიტოვებულ რეგიონებში ცხოვრების გეგმაზომიერი აღორძინება. ხევსურეთში შემორჩენილია შუა საუკუნეების მატერიალური კულტურის ძეგლები: ხახმატის ციხე,ახიელის ციხე, ლებაისკარის ციხე, მუცოს ციხე-სოფელი,არდოტის ციხე-სოფელი, ხახაბოს ციხე-სოფელი, შატილის ციხე-სოფელი, გუდანის ჯვარი, ანატორის ჯვარი, აკლდამები და სხვა.
შატილი, ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, იგი საუკუნეთა მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს (ამჟამად აღდგენილია).
სოფლის კიდეებს მიუყვება ერთმანეთთან მიჯნით ნაგები ციხე-სახლების რიგი და იქმნება ერთიანი, მიუვალი დამცველი კედელი, რომელიც საიმედოდ კეტავს სოფელს. გარე სამყაროსთან შატილს არღუნის ხეობაში გამავალი ერთადერთი ვიწრო გზა აკავშირებს. შატილის განაშენიანება ტერასულია, შენობათა ძირითადი ტიპია ბრტყელსახურავიანი სახლი და კოშკური საცხოვრებელი. სოფელს შენობებს შორის მთელ სიმაღლეზე აუდის ვიწრო ქვის კიბე, აქა-იქ შემორჩენილია ძვლებისაგან შეკრული ფიცარნაგები - გადასასვლელები, რომელთა მეშვეობით მტრის შემოსევის შემთხვევაში შესაძლებელი იყო მთელი სოფლის შემორბენა ქუჩაში გამოუსვლელად.
მუცო, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არდოტისწყლის (არღუნის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში,ხევსურეთის შემოსასვლელის ისტორიული დარაჯი და დამცველი იყო. სოფელი ზღვის დონიდან 1880 მ, დუშეთიდან 121 კმ-შია.
სოფელში, რომელიც თითქმის გაუკაცრიელდა ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, დაახლოებით 40-მდე შუასაუკუნეების გამაგრებული საყოფაცხოვრებო დანიშნულების სახლია განალგებული ვერტიკალურ ტერასებზე მუცო-არდოტის ხეობისთავზე, ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკია და რამდენიმე ძველი სტრუქტურის ნანგრევია შემორჩენილი. მისადგომად რთულ სოფელში შენარჩუნებულია ორიგინალური არქიტექტურა და ის პოპულარული ადგილია ტურისტებისა და მთამსვლელებისთვის. ამჟამად საქართველოს ყველაზე სავალალო მდგომარეობაში მყოფ ისტორიულ ძეგლთა სიაშია. 2004 წლიდან საქართველოს მთავრობის ინიციატივით წამოიწყო მუცოს რეაბილიტაციის პროექტი.
ლეგენდის თანახმად სოფლის მკვიდრნი მთავარანგელოზის ბროლისკალოს ხატზე ლოცულობდნენ. ისინი განთქმული მეომრები და მონადირეები იყვნენ და თავს წმინდა დროშათა არმიის მუდმივ წევრებად თვლიდნენ, იცავდნენ რა საუკუნეების განმავლობაში ხატისთვის მოძღვნილ ენით აუწერელ საგანძურს. ლეგენდის თანახმად საგანძური დღესაც დაცულია მაღალ მთებში მუცოს სიახლოვეს რჩეულის მოლოდინში. |
|