სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთ-ერთი ოთხ დიდ კათედრალთაგან(ოშკი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი). მდებარეობს თბილისიდან 20 კმ-ზე, ქ. მცხეთაში.
სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობააა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანულ საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან მეფეს წმინდა ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია აუშენებია.
სვეტიცხოვლის ცენტრალურ ნაწილში სამხრეთ მხარეს დგას თაღოვანი ნაგებობა, რომლის ქვეშ, ისტორიული წყაროების მიხედვით, ქრისტეს კვართია დაკრძალული.
ჯვრის მონასტერი — VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე.
ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. IV საუკუნის 30-იან წლებში ქტისტიანობის მიღების პირველი წლებიდანვე ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის დიდი ჯვარი აღმართა, რომელსაც გარდა ქართველებისა თაყვანს სცემდნენ მთელი კავკასიის ქრიატიანებიც.
ჯვრის დიდი ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ტიპის ნაგებობაა, მისი გარეტა პირი და ინტერიერი ამოყვანილია ვარდისფერი ქვით, ზოგ ადგილას კი მუქი ღვინისფერი ქვის კარგად გათლილი კვადრებისაგან. ქვებს შორის ნაკერების სწორხაზოვნება, ყველგან მკაცრადაა დაცული, ტაძარი თავისი მასშტაბითა და დანაწევრებით, ორგანულად ერწყმის მთას. ტაძარი აღმართულია მოსწორებულ, სწორკუთხა მოედანზე.
ზედაზნის მონასტერი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მცხეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, არაგვის მარცხენა ნაპირზე, საგურამოს ქედზე.
ადრეულ ეპოქაში აქ აღმართული ყოფილა ზადენის კერპი, რომლის ადგილას VI საუკუნის 40-იან წლებში ასურელ მამას იოანეს ქართული მონასტერი დაუარსებია.
ზედაზენი უწყლო ადგილი იყო. ილია დიაკონი, ყოველდღე შორიდან ეზიდებოდა წყალს. ამის შემხვედვარე წმინდა იოანემ (ერთ-ერთი ასურელ მამათაგანი) უფალს წყაროს აღმოცენება სთხოვა და მართლაც, ისმინა უფალმა მისი ვედრება და მთის მწვერვალზე მკურნალი წყარო აღმოცენდა. ამ წყაროს დათვი შეეჩვია. წმინდა იოანეს ლოცვით მხეცი მოთვინიერდა და ამის შემდეგ, ზედაზნის ტყის ბინადარი მტაცებლები ადამიანებს არაფერს არ უშავებდნენ.
შიომღვიმე, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი, ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი.
მდებარეობს თბილისიდან 40 კმ-ზე, მცხეთის რაიონში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. დააარსა VI საუკუნის II ნახევრის დამდეგს ერთ-ერთმა ასურელმა მამამ შიომ . როგორც წყაროები გადმოგვცემენ, შიოს თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ და ღრმა მღვიმეში გაუტარებია, გარდაცვალების შემდეგ, თანახმად ანდერძისა, იქვე დაუსაფლავებიათ (აქედან სახელწოდება "შიოს მღვიმე", "შიომღვიმე"). მისი საფლავი შიომღვიმეში წმინდა ადგილად მიაჩნდათ.